„ამირანდარეჯანიანის“ ჰიპერბოლიზაცია შუასაუკუნეობრივი აზროვნების კონტექსტში
pdf

საკვანძო სიტყვები

შუასაუკუნეები
ჰაგიოგრაფია
საერო მწერლობა
სასწაული
გასაოცარი

როგორ უნდა ციტირება

ლეკიაშვილი თ. (2026). „ამირანდარეჯანიანის“ ჰიპერბოლიზაცია შუასაუკუნეობრივი აზროვნების კონტექსტში. საერთაშორისო სამეცნიერო - პრაქტიკული კონფერენცია „თანამედროვე გამოწვევები და მიღწევები ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში" შრომები, 4, 266-273. https://papers.4science.ge/index.php/mcaaict/article/view/418

ანოტაცია

შუასაუკუნეების ლიტერატურაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია სასწაული და სასწაულებრივი მოვლენა. ჰაგიოგრაფიულ ნაწარმოებებში მრავლადაა სასწაულის მაგალი­თები, რომლებიც უფლის ძალით ხორციელდება. ამ მაგალითებს უდიდესი დატვირთვა აქვს. ჰაგიოგრაფიის პერსონაჟების წმინდანობა, რაც მათ მიერ აღსრულებული სასწაულებით არის განმტკიცებული, შუასაუკუნეების მკითხველისთვის ისეთივე ჭეშმარიტი და რეალურია, როგორიც თავად ჰაგიოგრაფიული ტექსტი, ვინაიდან მკითხველმა იცის, რომ ყოველი ჰაგიოგრაფი ჭეშმარიტების აღწერის პრინციპით მოქმედებს და, შესაბამისად, ეჭვგარეშეა რაიმე გამოგონილი ან შეთხზული იყოს.

შუასაუკუნეების სასულიერო ლიტერატურის ნიადაგზე განვითარდა საერო მწერლობა. ამ საკითხს ვრცელ მიმოხილვას უძღვნის კორნელი კეკელიძე გამოკვლევაში „წმინდა მხედარი“, აღნიშნავს, რომ საერო ლიტერატურის ჩამოყალიბების პროცესში ერთ-ერთ მნიშვ­ნელოვან როლს თამაშობდა წინა პერიოდის სასულიერო მწერლობა, რომელიც მეთერთმეტე საუკუნემდე ბატონობდა.

როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, შუასაუკუნეების სასულიერო მწერლობისთვის ნიშან­დობლივი მრავალი ელემენტი საერო მწერლობაშიც გვხვდება. აგიოგრაფიული ძეგლე­ბისათვის დამახასიათებელი სასწაული თავისი ფორმითა და შინაარსით ნაკლებად შეი­ნიშნება საერო მწერლობის ნიმუშებში, მაგრამ ზებუნებრივის რეალურად მიჩნევის შუასაუ­კუნეობრივი ხედვა უდევს საფუძვლად საერო ლიტერატურის შეუძლებელი გმირობის - ჰიპერბოლური ქმედების -  მოაზრებას ავტორის მიერ და, შესაბამისად, მკითხველის მიერ მიღებას. ვფიქრობთ, საერო მწერლობაში ჩანს შუასაუკუნეების აზროვნების ერთიანი სტრუქტურა, კერძოდ, აგიოგრაფიული მწერლობისთვის დამახასიათებელი სასწაულის მოდელის თავისებური ტრანსფორმირება, რაც, ძირითადად, გამოხატულია საერო ნაწარ­მოების პერსონაჟთა გმირული მოქმედებების ჰიპერბოლიზაციით.

სტატია ამ კუთხით განვიხილავთ მოსე ხონელის „ამირანდარეჯანიანს“. „ამირანდარე­ჯანიანი“ უხვად შეიცავს გასაოცარ და ფანტასტიკურ ამბებს, შეუძლებელ გმირობებს, რაც თანამედროვე მკითხველისათვის ზღაპრულად და არარეალურად აღიქმება, მაგრამ სრუ­ლიად ბუნებრივია იმ პერიოდის, შუასაუკუნეების მკითხველისათვის, ვინაიდან ის ტრადიციით მიჩვეულია სასწაულს, ჰაგიოგრაფიული ტექსტების სასწაულებრივი მოვლე­ნები ჭეშმარიტი და უტყუარი ფაქტია მისთვის. შესაბამისად, სასულიერო მწერლობის საფუძველზე აღმოცენებული საერო ლიტერატურული ძეგლების გასაოცარი, ჰიპერბო­ლიზებული გმირობანი უცხო აღარ არის შუასაუკუნეების მკითხველისათვის, მეტიც, მისთვის ისეთივე ჭეშმარიტია, როგორიც სასულიერო მწერლობის სასწაული.

pdf

წყაროები

კეკელიძე კ., ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. II, თბილისი, გამომცემლობა „მეცნიერება“, 1981

კეკელიძე კ., ეტიუდები ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიიდან, ტ. II, თბილისი, სტალინის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 1945

ქართული მწერლობა ოცდაათ ტომად, ტ. II, თბილისი, გამომცემლობა „ნაკადული“, 1987

ქართული ფოლკლორის ლექსიკონი, ტ. I, თბილისი, გამომცემლობა „მეცნიერება“, 1974

ჩაკუნაშვილი ნ. 2011 - ნ. ჩაკუნაშვილი, სასწაული შუასაუკუნეების ქართულ სასულიერო და საერო ლიტერატურაში, სადოქტორო დისერტაცია, თბილისი 2011

ხონელი მოსე, ამირანდარეჯანიანი, ქართული მწერლობა, ტ. II, თბილისი, გამომცემლობა „ნაკადული“, 1987

Le Goff, Jacques, The medieval imagination, 1988

Gurevich, Aron , Categories of Medieval Culture, 1985