ქართული პოლიტიკური ზეპირმეტყველების ანალიზი გენდერულ ჭრილში
Full PDF

როგორ უნდა ციტირება

ცეცხლაძე თ. (2025). ქართული პოლიტიკური ზეპირმეტყველების ანალიზი გენდერულ ჭრილში. მონოგრაფია. https://doi.org/10.52340/9789941995514

ანოტაცია

პოლიტიკური ზეპირმეტყველება მასობრივ ცნობიერებაზე ზემოქმედების ერთ-ერთი მძლავრი იარაღია. მას ეფექტურად იყენებენ პოლიტიკოსები და პოლიტიკურ საკითხებზე მოსაუბრე პირები.  პოლიტიკური მეტყველების კვლევა უმნიშვნელოვანესია ენობრივი ქცევისა და საზოგადოებაზე მისი გავლენის კვლევის თვალსაზრისით. საქართველოში პოლიტიკური კომუნიკაციის მეცნიერული შესწავლა 21-ე საუკუნიდან იწყება და დღეისათვის პოლიტიკური დისკურსის შესახებ არაერთი სამეცნიერო ნაშრომია გამოქვეყნებული. მიუხედავად ამისა, პოლიტიკური ლინგვისტიკა ჯერ კიდევ განვითარების პროცესშია და საჭიროებს როგორც მასშტაბურ თეორიულ კვლევებს, ისე კვლევის ახალ მეთოდებსა და მიდგომებს.

წინამდებარე პროექტის მიზანი იყო ქართული პოლიტიკური ზეპირმეტყველების გენდერული კვლევა ახალი მეთოდის - ლინგვოპოლიტოლოგიური ანალიზის გამოყენებით, რაც საშუალებას გვაძლევს, კომპლექსურად ვიკვლიოთ ერთი მხრივ, ის ენობრივი საშუალებები, რომლებსაც პოლიტიკოსები თავიანთ პოლიტიკურ გამოსვლებში იყენებენ და მეორე მხრივ, დავადგინოთ კანონზომიერი ურთიერთმიმართება პოლიტიკურ მეტყველებასა და პოლიტიკურ პროცესებს შორის.

 ქართული პოლიტიკური ზეპირმეტყველების გენდერული ნიშნით კვლევის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ ბოლო ორ ათწლეულში პარლამენტართა შორის ქალების რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა. 2021 წლის მე-10 მოწვევის საპარლამენტო არჩევნების დებულებაში ხაზგასმით აღინიშნა, რომ პარტიული სიების წარმოდგენისას ყოველ 4 კანდიდატში აუცილებლად უნდა ყოფილიყო 1 ქალი. ქალი პოლიტიკოსების გააქტიურებამ პოლიტიკურ საქმიანობაში საგრძნობლად შეცვალა პოლიტიკური კულტურა და გენდერული სტერეოტიპებით გაჯერებული გარემო.

პროექტის ფარგლებში შევისწავლეთ 2003-2022 წლების ადგილობრივი თვითმართველობებისა და საპარლამენტო გამოსვლების ქალ და მამაკაც პოლიტიკოსთა მეტყველებას საჯარო გამოსვლებსა და დებატებში და გავაანალიზეთ მათი ენობრივი ქცევები. ემპირიულ მასალად აღებული იყო პოლიტიკოსთა გამოსვლების ტექსტები, დიაქრონიული ანალიზის შედეგად გამოვლინდა პოლიტიკური მეტყველების კულტურის განვითარების დინამიკა საქართველოში.

სამეცნიერო პრობლემის თეორიული კვლევისას გამოიკვეთა ის ენობრივი მახასიათებლები, რომლებიც გვხვდება პოლიტიკოსთა მეტყველებაში, რამაც საშუალება მოგვცა, შეგვექმნა პოლიტიკოსთა ენობრივი პროფილი. კვლევის შედეგებზე დაყრდნობით შეიქმნა თეორიული ნაშრომები სტატია და მონოგრაფია.

პროექტის ფარგლებში მოპოვებული მასალა ინტერდისციპლინური კვლევის შესაძლებლობას იძლევა. ჩვენ მიერ მოპოვებული რესურსები საინტერესო იქნება როგორც ფუნდამენტური დისციპლინებისათვის (პოლიტოლოგიასა და ენათმეცნიერება), ასევე ქართული ზეპირმეტყველების სინტაქსის საკვლევადაც.

აღსანიშნავია, რომ ქართული პოლიტიკური ზეპირმეტყველების ლინგვოპოლიტოლოგიური ანალიზი გენდერულ ჭრილში სისტემურად დღემდე არ ჩატარებულა. ჩვენ მიერ განხორციელებული პროექტი კი ხელს შეუწყობს ქართული პოლიტიკური კულტურის ინტერდისციპლინურ კვლევას, სამოქალაქო ცნობიერებაში პოლიტიკური კულტურის ამაღლებას, რაც თანამედროვე სამყაროს ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას  წარმოადგენს.

საგრანტო პროექტი განხორციელდა  „შოთა  რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით [YS-22-348]

Full PDF
Creative Commons License

ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .